ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები
ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები

ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ საკითხზე შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული და დანაპირების გადამოწმების მიზნით პატრულირებას არ შეწყვეტენ. მათივე ინფორმაციით, ნავმისადგომის შესასვლელის დატოვებას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ ქაფშიით დატვირთულ მანქანებს არ გაატარებენ.

„ჩვენ ვართ გულანთებული ფოთელები და გვინდა გავაკონტროლოთ ეს პროცესი. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ თევზის გადამამუშავებელი ქარხნები უახლოეს დღეებში არ იმუშავებენ. გვინდა გადავამოწმოთ. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ. ვიცით, რომ ნავმისადგომთან დგას ქაფშიით დატვირთული გემები და ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, მანქანებით გამოიტანონ პროდუქცია. შევენაცვლებით ერთმანეთს“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები დაშლას არ აპირებენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დიალოგში ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.