ფოთში სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიზნობრივი კვლევის შედეგად კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა
ფოთში, მიზნობრივი კვლევების ფარგლებში, კორონავირუსზე საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების კვლევა დასრულდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ განაცხადა, სულ 58 ნიმუში აიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
„აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იგი უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, ველოდით 12 კვლევის პასუხს, ყველა ნეგატიურია. სულ 58 ნიმუში იყო აღებული და საბედნიეროდ, არც ერთ მედიკოსს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.