ფოთში, საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ
ფოთში, საქალაქო სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები არ განიხილა, რის გამოც სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. მათივე თქმით, აღნიშნულ სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს.
„ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას. გაყალბება არ იყო ეს. ეს იყო სასწაული ოპერაცია, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ასეთი საზიზღარი და უსინდისო არჩევნები არ ახსოვს არავის დედამიწის ზურგზე. კანონის არც ერთი პარამეტრი არ იყო დაცული. ძალიან ბევრი საჩივარი გვაქვს დაწერილი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა საერთოდ, არადა უნდა განხილულიყო და ასე იგდებენ ესენი ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მაინც გრძნობდნენ თავს დამნაშავედ, კიდევ აქეთ დიდგულობენ. ამიტომ, სასამართლოში გავასაჩივრეთ. მოსამართლეს მოვუწოდებთ, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ჩვენი ბრძოლა ამით არ მთავრდება. ხვალ მივდივართ და შევუერთდებით თბილისში დაგეგმილ აქცია. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, უკეთესი მოხდება, თუ საერთოდ ამოიძირკვება „ქართული ოცნება“, ამ გადაწყვეტილებამდე თვითონ მიიყვანეს ხალხი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.