ფოთში საპროტესტო აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ ხვალაც გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნახეს, რომ თევზის გადამამუშავებელი ქარხნები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას.
აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, დიალოგი მხარეებს შორის სამი დღის ვადაში უნდა შედგეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, ამ დროის განმავლობაში, თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს უნდა შეეჩერებინათ სამუშაო პროცესი.
„დღეს გუბერნატორის მოადგილეს შევხვდით და შევთანხმდით, რომ დღეიდან ქარხნები გაჩერდებოდნენ, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ხვალ ჩამოვიდოდნენ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, მაგრამ მივიღეთ მორიგი სიცრუე. ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რეიდი მოგვეწყო და ქარხნები შევამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. დავრეკეთ მერის პირველ მოადგილესთან, რომელმაც გვიპასუხა, რომ ქარხნები ბუნკერში დარჩენილ თევზს ამუშავებენ. ამ დროს მოვიდა თევზით დატვირთული ორი კონტეინერი. ხვალ განვაახლებთ აქციებს და მოვითხოვთ, მერია დაიცალოს მთლიანად. წურბელებივით გვასხედან კისერზე, ჩვენგან იღებენ ხელფასს, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ მივეცით მანდატი და კეთილი უნდა ენებათ, ეს ყველაფერი მოეგვარებინათ. ხვალ უფრო მკაცრები ვიქნებით, მოხდება ქალაქის ბლოკირება. კანონი არ კანონობს ამ ქალაქში და ჩვენ სხვა გზები უნდა ვეძებოთ,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ვლადიმერ ამბალიამ.
ფოთში აქციის მონაწილეები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდენ. აქციის მიმდინარეობისას მათ ფოთის ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.