ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშვნები სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ქალაქის სოციალური პაკეტი არასწორად არის შედგენილი. მათივე თქმით, შეჭირვებულ ოჯახებზე მიზერული თანხები გაიცემა. ოპოზიციამ აღნიშნული თანხების მომატება მოითხოვა, რის შემდეგაც სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცოტა ხანში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, მმართველი პარტია მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულით აპელირებს.
„ამათთან კამათს აზრი არ აქვს. როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ, ყოველთვის აპელირებენ წარსულით. მიშას ახსენებენ, რომელმაც ახალი თანამედროვე სახელმწიფო შექმნა და პიჯაკისა და პალტოს გამო ასამართლებენ, სხვა ბრალდება ვერაფერი მოუძებნეს. სახელმწიფო დაანგრიეს, აღარაფერი აღარ არსებობს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავს და ამით მოსწონთ თავი. გაჭირვებული დააფინანსონ, ამას ვითხოვთ. ვერ მივაღწიე იმას, რომ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ჩაედოთ“, – განაცხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.
„ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი თქმით, სოციალურ პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს სოციალურ პაკეტში ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა. სინამდვილეში აპელირება გააკეთეს წარსულზე, მთლიანად საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ეძახეს „პუტინის მონები“, როდესაც თითოეულ ჩვენგანს პოლემიკა ჰქონდა გამართული ჯანდაცვის საკითხებზე. ჯანდაცვის საკითხები და პუტინი რა შუაშია ერთმანეთთან, ეს მოსახლეობამ შეაფასოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაალ კვინჩიამ.