ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშს მოჰყვა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოძახებას ექვემდებარებოდა 308 წვევამდელი, აქედან ქვეყნის დატოვების გამო გადავადების უფლებით ისარგებლა 71-მა პირმა.

განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია. მისი თქმით, მიგრაციის მაღალი დონე ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. დარეჯან ცხვიტარიას ასეთ შეფასებას მმართველი გუნდის წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ქვეყანა თუ დალაგებულია, როგორც ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი ზედმიწევნით აქვთ შესრულებული, ღირსება და ყველაფერი დაცულია, მაშინ რატომ მიდის ეს ხალხი ქვეყნიდან? ქალაქში ჩამოვდივარ და მხვდება დაცარიელებული. წვევამდელთა გაწვევის სამსახურმა ისეთი სტატისტიკა წარმოადგინა, თვალებზე ცრემლი მომადგა. არც ვაპირებდი საერთოდ არაფრის თქმას, მაგრამ ამათ არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა იმისა, რომ წარსულით აპელირებას ახდენენ. დაქცეულ ქვეყანაში მოვედით, სადაც სახელმწიფო არ არსებობდა და გავანათეთ, ავაშენეთ, სახელმწიფოში ინსტიტუტები შევქმენით, მთელ მსოფლიოს გავაცანით და ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვიყავით. მშვიდად დავსვი კითხვა, მაგრამ ნახეთ, რა მდგომარეობაში იყო თავმჯდომარე, ლამის გადმოხტა სკამიდან. ასე არ შეიძლება, ასეთი მდგომარეობა საქართველოში არასოდეს ყოფილა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.

მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

„სხდომა საქმიან რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შემოთავაზებული იქნა პოლიტიკური მასკარადი, რასაც შეჩვეული ვართ და რაც დაფუძნებული იყო ძირითადად ცილისწამებაზე, დემაგოგიაზე, რეალობის არასწორ შეფასებაზე. ეს მიზნად ისახავს არა საზოგადოების სამსახურში ყოფნას, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაალ კვინჩიამ.