ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო.
„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. უკვე რამდენიმე სხდომაა იგი პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.
დარეჯან ცხვიტარიას გამოსვლამ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრთა გაღიზიანება გამოიწვია. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ცხვიტარიას განცხადებით კი, ვიდრე ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იგი საკრებულოს ყველა სხდომაზე ტრანსფარანტით მივა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.
„ხელისუფლება უნდა გადადგეს. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ინტერნეტ სივრცესაც კი. განიხილავენ უაზრო საკითხებს, ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ. ისინი იმართებიან ერთი ადამიანის მიერ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, მმართველი გუნდი აკეთებს საქმეს და აბსურდულ ბრალდებებს სწორედ ამ ფორმით პასუხობს.