ფოთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო
ფოთში საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისათვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო.
აღსაზრდელთა მშობლები სასურსათო პროდუქტებს მათივე შვილების ბაღებიდან იღებენ. აღნიშნულ პროცესს დღეს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თხუთმეტივე საჯარო ბაღში დაიწყო აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა. სასურსათო ამანათები გამზადებულია რეგისტრირებული 1904 ბავშვისთვის. ბაღების ადმინისტრაციას ჰქონდა მშობლებთან კომუნიკაცია და ისინი შესაბამისი გრაფიკების მიხედვით ახორციელებენ მათ გატანას, ამით კი ვახერხებთ სოციალურ დისტანცირებას. პროდუქტების გაცემის დროს დაცულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული აუცილებელი ზომები. ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო პროდუქტების გადასაცემად ხელახლა განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას, რომელმაც დიდი ფინანსური წვლილი შეიტანა აღნიშნულ სოციალურ პროექტში“, – განაცხადა სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ზარანდიამ.