ფოთში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს
ფოთში, 8 აგვისტოს მემორიალთან, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
,,არა ოკუპაციას“,,დიდება გმირებს“, ,,ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – ამ შინაარსის ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„მარაზმია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოდის რუსი დეპუტატი და პარლამეტში სიტყვით გამოდის, სახელმწიფო კი, ამას მარტივად ეგუება. ახალგაზრდები არ მივცემთ იმის საშუალებას ხელისუფლებას, რომ რეაგირება არ მოახდინოს. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამის ფონზე სახელმწიფო ბედავს, რომ რუსული ნარატივი გაავრცელოს ესე აშკარად, სამარცხვინოა და ამას არ დავთმობთ,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მალხაზ გაბისონიამ.