ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 35 წლის მამაკაცია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად მას ბოქსირებულ პალატაში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის უკვე გაგზავნილია.
„კვლევისათვის გაიგზავნა ექვსი ანალიზი. გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა. აღნიშნული პროცედურა პრევენციის მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ნანა მხეიძის თქმით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის შემოსავლების სამსახურის 19 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალაც გაიგზავნა.
„ფოთში ცხრამეტ პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.