,,არა ნამახვანჰესს“, „ქართული მიწა არ იყიდება“- ამ ლოზუნგით ფოთში აქცია გაიმართა.
შეკრებილებმა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს და ჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებს და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს. მათივე განცხადებით, სახელმწიფო ხალხს უნდა დაუდგეს გვერდით და სამუშაო პროცესი შეაჩეროს.
,,ჩვენ მეხუთე დღეა, ვაპროტესტებთ ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობას, ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებას, ქართული მიწების გაყიდვას და ვუერთდებით სამართლიან პროტესტს. დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან სახელმწიფოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მივიღეთ პასუხი, რომ გადაიხედება კონტრაქტის პირობები. მთავრობა ჩამოიყვანს ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ „ნამოხვანჰესის“ სიტუაციას, მაგრამ ამავდროულად სამუშაო პროცესი არ შეჩერდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სახელმწიფო თუ თანახმა იყო, რომ ხალხის მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, უნდა გაეჩერებინა მუშაობის პროცესი და ეს იქნებოდა ხალხის გვერდში დგომა. ჩვენ სახლში გაჩერების უფლება არ გვაქვს. მოვუწოდებთ ყველას, გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით“,- განაცხადა აქციის მონაწილე ლევან ნაროუშვილმა.