ფოთში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ფოთში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „არა ნამახვან ჰესს“, „ქართული მიწა არ იყიდება“ – აქცია ამ შინაარსის ტრანსფარანტების ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებსა და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს.
„ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც რიონის ხეობაში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. კონკრეტულად ჩვენი მიზანი არ არის, რომ არ აშენდეს, რადგან კომპეტენტური არ ვართ ამ საკითხში, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. უბრალოდ, დამაფიქრებელია პროექტი, რომელსაც ბევრი საფრთხე ახლავს და ვაპროტესტებთ. გვინდა, მოვუწოდოთ ყველა რეგიონს, სადაც მდინარე რიონი ჩამოედინება, გააპროტესტონ მშვიდობიანი ფორმით,“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჭანტურიამ.
აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით მსვლელობაც მოაწყვეს. მათი განცხადებით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.