ფოთში, ნაბადას უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ
ფოთში, ნაბადას უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები მათ სახლებთან ახლოს მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მშენებლობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერმინალზე მავნე ნივთიერებების გადამუშავებაც მოხდება, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას.
„მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ და ადგილზე გასცნობოდნენ ვითარებას. უნდა ენახათ, რა ხდება ჩვენს სახლებში და ერთად უნდა განგვეხილა ყველა დეტალი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. თუმცა მაშინ, როდესაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო, მივიღეთ შეტყობინება, რომ გვეპატიჟებოდნენ ოფისში, რაზეც განვაცხადეთ უარი. ეს არის დაუფასებლობა, ადამიანების აბუჩად აგდება“, – განაცხადა აქციის მონაწილე დოკა ბაღათურიამ.
კომპანია „ფოთი ტრასტერმინალში“ აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
„მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ადგილზე გვაქვს. მზად ვართ, აქციის მონაწილეებს შევხვდეთ არა ქუჩაში, არამედ ჩვენს ოფისში, სადაც შესაძლებელი იქნება პრეზენტაციის ჩატარება. ჩვენ ველოდებოდით მათ დღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მათთან არ შედგა“, – განაცხადა კომპანია „ფოთი ტრასტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა, ორხან ხასანლიმ.
მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.