ფოთში, მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტის დემონტაჟი უნდა განახორციელოს, რადგან ის არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მოვაჭრეების თქმით, წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით ორი წლის წინ გადაიყვანეს.
მათივე განცხადებით, მთავრობა ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობს.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს? ხომ შეიძლება ქალაქის მერმა გამოგვიყოს ადგილი, აგვიშენოს შესაბამისი შენობა და მერე გადაგვიყვანოს. მოდიან და გვეუბნებიან, რომ დანგრევას აპირებენ, ხელიდან გამოვგლიჯეთ ხელსაწყოები, რატომ? ჯერ დაგველაპარაკონ. თავის დროზე ადგილობრივი ხელისუფლების სურვილით გადმოვედით აქ. ეს შენობა, რომ ააშენეს გახსნის დღეს წითელი ხალიჩა ჰქონდათ დაგებული. თუ მაშინ ივარგა ამ ობიექტმა, ახლა რატომ არ ვარგა? გაგვცეს მერიამ პასუხი. მშრომელი ხალხი ქუჩაში ვრჩებით”, – აცხადებს თევზის რეალიზატორი მიმოზა შონია.
ფოთის მერი, წლების წინ ტერიტორიის მეპატრონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს ჰპირდება.