საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფოთში, მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადება 12-მა კომპანიამ წარადგინა.
უწყების ცნობით, შემდეგ ეტაპზე წარდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.
მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში ორ კილომეტრამდე იქნება. ხიდის სიგრძე კი, 432 მეტრს შეადგენს.
ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის რვამილიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ფოთის ხიდი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.