ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდისა და სანიჩბოსნო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
ფოთში, მდინარე კაპარჭას გაწმენდისა და სანიჩბოსნო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. მისი ღირებულება 1 500 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, მდინარე კაპარჭას ტერიტორია და ყოფილი სანიჩბოსნო ბაზა დაათვალიერა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის პირველი ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა. პრობლემის მოგვარებასთან ერთად ფოთში სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და ტრადიციების აღდგენას შეუწყობს ხელს.
„კაპარჭის ამოწმენდა მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ისე ქალაქის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან მასთან არის დაკავშირებული როგორც თევზჭერა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ინფრსატრუქტურული განვითარება. საშუალება მოგვეცემა განვახორციელოთ პროექტები ტურისტების მოზიდვის კუთხითაც”,-განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
წინასწარი ინფორმაციით, სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაციისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება.