ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთის მკვიდრია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
რაც შეეხება ინფიცირებულის ოჯახის წევრებს, მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები დღეს გახდება ცნობილი. თავად ინფიცირებული ოჯახის წევრებთან ერთად, გუშინ ღამით საკუთარ ბინაში იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფოთის მკვიდრს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს გავაგზავნეთ მასთან ჯგუფი და გადაყვანილია ბათუმში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ოჯახის წვრებისგან იზოლირებულად იმყოფებდა.
„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ოჯახის წევრები აბსოლუტურად იზოლირებული იყვნენ პაციენტისგან. მოხდა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და გადავიყვანეთ. პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა კესო გელენიძემ.