ფოთში გადამზიდავი კომპანია, შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი დღეს კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და თავიანთ მოთხოვნებთან დაკავშირებით პასუხს ელოდებიან.
აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.
მათი თქმით, დღეს პროფკავშირების წარმომადგენელი შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს შეხვდება და იმედი აქვთ, რომ მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდება.
„ჩვენ აქციას ვაგრძელებთ, „საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენელი სავარაუდოდ დღეს შეხვდება კომპანიის გენერალურ მენეჯერ გიორგი გორგილაძეს, რათა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რაც წავუყენეთ ხელმძღვანელობას. მზად ვართ, რაღაც დათმობაზე წავიდეთ. არის ინფორმაცია, თითქოს, აქ სხვების ჩამოყვანას აპირებენ, მაგრამ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, არც ერთი ახალი მეამწე არ დაიკავებს აქ გაფიცული მეამწის ან სხვა რომელიმე სამსახურის წარმომადგენლის ადგილს“, – აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ებრალიძე.
შპს „ბარვილ ჯორჯია“ საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.