ფოთში სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ფოთში, ნაბადის უბანში სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქების შედეგად, კიდევ სამი პირი დაშავდა. ისინი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„16 წლის პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 29 წლის პაციენტი კი ტრავმული შოკით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კიდევ ერთი პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი. 41 წლის პაციენტს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, გარდაიცვალა“, – განუცხადა პირველ არხს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ ხელყუმბარა შემთხვევით აუფეთქდათ.
როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ინციდენტში სამი პირი ფიგურირებდა. მათგან ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში გამვლელმა 16 წლის მოზარდმაც.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 236-ე და 124-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.