ფოთელი აუდიტორიისათვის ქართული მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალის“ ჩვენება გაიმართა. მაყურებელმა ფილმის აღდგენილი ვერსია იხილა. აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
„პირველი მერცხალი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. იგი ნანა მჭედლიძემ ფოთში 1975 წელს გადაიღო ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით, რომლის შექმნაშიც თავად რეჟისორი მონაწილეობდა. კინოჩვენებას, ეროვნული კინოცენტრის, მერიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ჩვენებაზე იმყოფებოდნენ ფილმში მონაწილე მსახიობები და მათთან ერთად იყვნენ ნანა მჭედლიძისა (რეჟისორი) და ლევან ჭელიძის (სცენარის ავტორი) შვილები.
კინოჩვენება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ფილმის რამდენიმე სცენაა გადაღებული.
„47 წლის შემდეგ „პირველი მერცხალის“ დაბრუნებამ ფოთში აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.