ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქალაქის საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, კი ომის მონაწილეების, გრიგოლ დარჯანიასა და ალექსანდრე ვაშალომიძის საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი ვალია, განსაკუთრებით ვიზრუნოთ მათზე, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.
მეორე მსოფლიო ომში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 30 ვეტერანს მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.