ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს მას შემდეგ, რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ფოთის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“ 12 ივნისს თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. პრობლემის მოსაგვარებლად ბენეფიციარებს ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში ბენეფიციარები კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი პაციენტები უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე ფოთის მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.