ფოთში დაზიანებული მილსადენის აღდგენა დასრულდა
ფოთში დაზიანებული მილსადენის აღდგენა დასრულდა

ფოთის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა. წინასწარი ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მშენებლების მიერ მაგისტრალური მილსადენის დაზიანება გახდა. აღდგენითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ავარიული გათიშვა გუშინ საღამოს მოხდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ.

„მალთაყვის უბანში კანალიზაციის მშენებლებმა დააზიანეს 250-მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა“, – განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსმა, ნუგზარ ფაცაციამ.