ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, ცხრა წლის ბავშვს დენმა დაარტყა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოზარდს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა გაუწია. ბავშვი ძლიერი დამწვრობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში, შესაბამისი პროფილის ცენტრში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების განცხადებით, ბავშვს სხეულის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.
„შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, ბავშვი იყო კონტაქტური. მას აღენიშნებოდა სხეულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა, შესაბამისად ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა“, – განაცხადა სასწრაფოს მორიგე ექიმმა ლალი დემანიამ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი ინჟინერის, ზურაბ ზალოგინის განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.
„როგორც გვითხრეს, აქ მცხოვრებლებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ ზევით აცოცდა და ჩაძვრა იქ, სადაც პატარა ადგილი ღია იყო“,- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.