საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, 70 წლამდე ქალსა და მის 25 წლამდე შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი ადრეც ყოფილა. მათივე განცხადებით, 25 წლამდე ასაკის ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს.