ფოთში „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს
ფოთში შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია კომპანიის გენერალურ დირექტორს იოსებ გორგილაძეს შეხვდა. მისი თქმით, „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
„ხელმძღვანელმა მოგვცა პირობა, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები ამ ეტაპზე დაკმაყოფილდება და სწორედ ამ პირობით მათ მუშაობა განაახლეს,“ – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.
მისივე ინფორმაციით , შპს „ბარვილ ჯორჯია“ უკვე გაყიდულია და კომპანიაში მალე ახალი მფლობელი მალე შევა.
შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები, რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცული იყვნენ. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ.
საკონტეინერო გადამზიდავი კომპანია „ბარვილ ჯორჯიას“ ადმინისტრაციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.