ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.
ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ქალი და ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„112-ის ჯგუფმა ორი პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა. ისინი იმყოფებიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა. ორივეს აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმა, მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია მთვრალ მდგომარეობაში.