ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კოსტავასა და ლოლუას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ,,ტოიოტასა“ და BMW-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 60 წლამდე ქალი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა.
„შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა ერთი დაშავებული, იგი 60 წლამდე ქალია. მას ზედაპირული ტრავმა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება. დამატებითი სამედიცინო დახმარებისთვის და კვლევებისათვის იგი გადაყვანილია სენაკის კლინიკა „სენამედში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.