ფოთში ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები ქმარმა მიაყენა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც თვითონ აღწერს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. დაზიანებებში იგულისხმება ძალადობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, საშუალო სიმძიმის. დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.