ფოთში ახალ კორონავირუსზე „ბავშვთა ცენტრის“ ოთხი აღსაზრდელის კვლევის პასუხებს ელოდებიან
ფოთის მერიის „ბავშვთა ცენტრის“ ოთხ აღსაზრდელს ახალ კორონავირუსზე კვლევა უტარდება. შესაბამისი სინჯები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში არის გაგზავნილი.
ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, კვლევა პრევენციის მიზნით ტარდება და პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ გახდება ცნობილი.
„ბავშვთა ცენტრიდან“ ოთხი მოზარდი მშობლებს ქალაქგარეთ ჰყავდათ გაყვანილი სხვადასხვა პირად საკითხთან დაკავშირებით. პრევენციისთვის, თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ მათი გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და ნიმუშები გავაგზავნეთ ლაბორატორიაში. პასუხები დღეს გვიან ან ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ამასთან, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ფოთში მებაჟეთა გამოკვლევა გრძელდება. უკვე აღებულია 30 სინჯი, რომელიც „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნება.