ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა 12 ფოთელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავდა 80-მდე ადამიანი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 500 ლარი გადასცა.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული და საამაყოა ომში დაღუპული ჩემი თანაქალაქელების ისტორიები. ჩვენ მუდამ ვიამაყებთ მათი სახელებით“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.