ფოთსა და სენაკში, დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები აშენდა
ფოთსა და სენაკში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა მოინახულეს.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, შვიდი საბავშვო ბაღის მშენებლობასა და სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.