ფოთის თეატრის დირექტორი - თეატრის შენობის რეაბილიტაცია უმოკლეს დროში დაიწყება
კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის საკითხზე შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის შენობაში რამდენიმე დღის წინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იქნება და შენობას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება.
„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. საჭირო ფინანსები მოძიებულია. შენობის ექსპერტიზა და სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება“, – განაცხადა თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.
ფოთის თეატრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11-ზე მეტი მილიონი ლარი დაიხარჯა.