ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს თორნიკე იზორიას 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სასამართლომ თორნიკე იზორიას საქმესთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„გუშინ იყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, პროკურატურა შესული იყო 5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თორნიკე იზორიას 3 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდეს. ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალს. მიგვაჩნია, რომ არასწორად არის წარდგენილი ბრალდება, რომლის რეალობა დადასტურდება, თუ სასამართლოში არსებითი განხილვები დაიწყება. თუ არადა, გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ ჩვენ თორნიკე იზორიას უდანაშაულობას. ბრალი წარდგენილი აქვს ორი მუხლით, ძალადობის მუხლით ორი ან მეტი პირის მიმართ, რასაც ფიზიკური ტკივილი მოჰყვა და მეორე მუქარის მუხლით. თორნიკე იზორია თავს არ ცნობს დამნაშავედ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩივის 2019 წლის თითქოსდა 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ამ ორი წლის განმავლობაში დაზარალებულს არსად არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი არ შეუტანია, არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. მას ბრალდებულთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. როდესაც ეს მეგობრული ურთიერთობა დაიშალა, როდესაც დაშორდნენ ერთმანეთს, ამაზე განაწყენებულმა და გაბრაზებულმა, შემდგომში შურისძიების ნიადაგზე ეს მოიფიქრა, ამ სახით შეეცადა დავას თორნიკე იზორიასთან“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.
ადვოკტის ინფორმაციით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თორნიკე იზორიას ბრალი 14 სექტემბერს წარედგინა. ადვოკატის ცნობით, ის არ დაუკავებიათ და ბრალის წარდგენის შემდეგ უკვე სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი მისი ბიზნეს პარტნიორი იყო.