ფოთის საკრებულოს წევრებმა ქალაქის ცენტრალური სტადიონის ახალაშენებული ტრიბუნა დაათვალიერეს
ფოთის საკრებულოს წევრებმა დღეს ქალაქის ცენტრალური სტადიონის ახალაშენებული, დასავლეთის ტრიბუნა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, მშენებლობის პირველი ეტაპია დასრულებული.
საკრებულოს ოპოზიცია სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზებზე მიუთითებს და მათ გამოსწორებას ითხოვს.
„რამდენად შეესაბამება აღნიშნული სტადიონი უეფა-ს სტანდარტებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გადაწყვეტენ. სტადიონის პროექტში ორჯერ შევიდა ცვლილება და რა ხარვეზებით დატოვეს, ყველასთვის თვალსაჩინოა. მოვუწოდებთ ფოთის მთავრობას, მერიას არავითარ შემთხვევაში არ ჩაიბარონ სტადიონი ამ სახით და გამოასწორონ ყველა ხარვეზი, რომელიც დღეს სამუშაო ჯგუფმა დააფიქსირა“, – აცხადებს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხომერიკი.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ობიექტის ჩაბარების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.
„საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. თუ ნამდვილად აღმოჩნდა ხარვეზი, მშენებელ კომპანიას დაევალება, გამოასწოროს. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ და შეამოწმონ სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა. ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია.