ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესა და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს, ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს – ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.
აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებამ კიდევ შვიდი პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს – გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიასა და გივი ბადაშვილს სხვადასხვა ოდენობის გირაო შეუფარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი კაკულია, ზურაბ ყურუა, ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია 8 ნოემბერს დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება – ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.