ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს
ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ პოზიციაზე სამსონ კუტალია იქნა არჩეული.

ოპოზიციის შეფასებით, ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესელიას გუნდის წევრია და მისი თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.

თავად ზურაბ ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია. დღევანდელი საკრებულოს სხდომა მედიისთვის დახურული იყო, ამის მიზეზად საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა.

სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა კომენტარები მედიისთვის, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის გადარჩევა ფრაქციის წევრების მიერ მოხდა. ეს გუნდის გადასაწყვეტია. იყო რაღაც ხარვეზები ფრაქციის მუშაობასთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში და პროცესის გაჯანსაღების მიზნით, ფრაქციის წევრებმა საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ახალი თავმჯდომარე აგვერჩია“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.