ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფოთის მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ფოთის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში მცირდება ხარჯები ყველა იმ მიმართულებით, რაც მოცემულ ვითარებაში პრიორიტეტული არ არის.
„ეს არის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ასევე საკრებულოს ხარჯების შემცირება. მთლიანობაში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა სოციალურ საკითხზე, რომლის წინაშეც შეიძლება, მომავალი თვეების განმავლობაში დავდგეთ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფოთის საკრებულო ამ დრომდეც ახორციელებდა არაერთ სოციალურ პროგრამას, რაშიც მაჟორიტარი დეპუტატის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს და მომავალშიც, სააღდგომოდ ვგეგმავთ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ერთობლივად დავეხმაროთ“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
ამასთან, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.