ფოთის შესასვლელსა და გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება.
„საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები, მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ ნიშნავს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადებას.
„ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით იმსჯელეს.