ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა
ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყდა. ძლიერმა ქარმა შენობას სახურავის ნაწილი გადახადა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, ყველა გაცდენილი დღე აღდგენილი იქნება შაბათის მეცადინეობების ხარჯზე. ქორქიას განცხადებით, ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იქნეს დაცული. როგორც ის ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დროულად დაიწყება.
„ძლიერი ქარის გამო ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტარაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან. ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ჩატარდება. ჩვენი ქალაქის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.