ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები ბოლო სამ თვეში 15,1%-ით გაიზარდა
2018 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 15,1%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, – ინფორმაციას „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 2018 წელს ფოთის პორტში 82,039 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2017 წელს 71,299 TEU კონტეინერი. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს გადამუშავებული კონტეინერებიდან 13,1% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა საქართველოში.
ფოთის პორტში აცხადებენ, რომ ტვირთების 37,1% იმპორტზე მოდის, 20,15% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 40,8%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს. მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
„ფოთის ნავსადგურს დაემატა უფრო მძლავრი და მანევრირებადი ორი ASD ბუქსირი – SIMSON-ი და PORTGARTH-ი. მათ კაპიტნებს და სალოცმანო სამსახურის წარმომადგენლებს შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ჩაუტარდათ ASD-ის ტიპის ბუქსირების მანევრირების ტრენინგი სიმულატორების გამოყენებით“, – აცხადებენ კომპანიაში.