ფოთის მოსახლეობა კომპანია „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მუშაობის გამო პრეტენზიებს გამოთქვამს
ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის ქუჩა თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. მოსახლეობა ახლოს მდებარე „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.
მათი თქმით, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი მძიმე მანქანების გადაადგილების შედეგად გამოწვეული მტვერი და ხმაურიცაა. ისინი „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას სტანდარტების შესაბამისად მუშაობას და პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას სთხოვენ.
კომპანიის დირექტორი იროდი კვარაცხელია ტვირთის მავნებლობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.
„კომპანია წარმოადგენს უცხოურ ინვესტიციას. დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა არიან სწორედ აღნიშნულ უბანში მცხოვრები ადამიანები. საწარმო მუშაობს სტანდარტების შესაბამისად და ვერ დავადასტურებთ აღნიშნული ტვირთის მავნებლობას”- აცხადებს ,,კავკასიური მეტალის ტერმინალის“ დირექტორი.
მოსახლეობა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებს გეგმავს.