ფოთის მერის ორმა მოადგილემ, ასევე მარტვილისა და სენაკის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
ფოთის მერის მოადგილეებმა, პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ თანამდებობები დატოვეს. დღესვე გადადგნენ მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.
„დილით მქონდა შეხვედრა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა, თანამდებობიდან გადამდგარიყავით. კერძოდ, დავით გვიშიანისგან იყო დავალება, როგორც ვიცი. როგორც შევატყვე, მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ ყოფილა, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები. შესაბამისად, ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, როდესაც თანამდებობების დატოვება მოგვთხოვეს. ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში“, – განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ.
კონსტანტინე თოფურიას თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება.
„დღეს მქონდა კომუნიკაცია ფოთის მერთან, რომელმაც, ჩემთვის მოულოდნელად, მთხოვა დამეწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არ არის მისი სურვილი და ინიციატივა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მმართველი პარტიისა და მთავრობის დავალებაა, რომ გახარიას გუნდთან თანამოაზრეობის გამო, ჩვენ გვატოვებინებენ თანამდებობას.
იმ გუნდთან ერთად საქმის კეთება, რომელიც არ მოგიაზრებს შენ მის გვერდით, მუშაობა არის შეუძლებელი. ამიტომაც, მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე არ მოვსულვარ თანამდებობაზე სხვა თანამდებობიდან, გამოცდილება მაქვს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის. ასე რომ, დრო გვიჩვენებს, რა იქნება. გახარიასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, კომუნიკაცია მქონდა ბოლოს 2018 წელს. მოვიაზრებ თავს იმ გუნდში, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის კარგ საქმეებს აკეთებს. არ გამოვრიცხავ ბატონ გიორგისთან ურთიერთობას მომავალში“, – განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.
აკაკი ხუნწელიას თქმით, მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში მომხდართან დაკავშირებით.
„ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ მე დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, რადგანაც მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად“, – განაცხადა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ.
სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი კი აღნიშნავს, რომ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, „სახლში მიდის“.
„მინდა, გაცნობოთ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ გუნდი მაიძულებს, დავტოვო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. მიზეზად გიორგი გახარიას თანამოაზრეობა სახელდება. „ოცნების“ წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და ეუბნებიან, რომ მოადგილეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა. გახარიასთან კომუნიკაცია მე არ მქონია, ვამაყობ ამ ადამიანით და მისი გაკეთებული საქმიანობით. მივდივარ სახლში, სამ შვილს რომ გემრიელად მოვეფერო“, – განაცხადა კახაბერ კუპრეიშვილმა.
დღესვე გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ზურა როსებაშვილმა ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც.