ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიიყენა. ადმინისტრაციულ შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას მუცლის არეში ორი ზედაპირული ჭრილობა აქვს მიყენებული, დამატებითი კვლევები კი კლინიკაში ჩაუტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, ფოთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქე განცხადების დასაწერად იყო მისული.
„მოქალაქე გ. ა-მ მომართა მერიას დღის პირველ ნახევარში. მას სურდა კანცელარიაში დაეწერა განცხადება სოციალური მდგომარეობის შესახებ. თუმცა, როდესაც ის შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდა, მიიყენა თვითდაზიანება. დეტალური შესწავლის შემდგ ჩვენ დავადგინეთ, რომ იგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იპოთეკური სესხით დაკარგეს ბინა, დარჩნენ უსახლკაროდ. ასევე, მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, ის იმყოფება საავადმყოფოში. გ.ა-სთვის ეს მძიმე სოციალური მდგომარეობა მეტად აუტანელი გამოდგა და აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა თვითდაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირის წინ მას მიუმართავს სოციალური სააგენტოსთვის, სადაც დეკლარაციის შევსების შემდეგ ის მოხდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში. აგენტი გამოყოფილია, რომელიც შეისწავლის მათ სოციალურ მდგომარეობას. ჩართული ვართ, როგორც ჯანმრთელობის ასევე, სოციალური კუთხით მაქსიმალურად ეფექტურად გაუწიოთ დახმარება. სამწუხაროა, რომ მას ამ სახის განცხადებით ამ დრომდე ჩვენთვის არ მოუმართავს“, – განაცხადა მერიის ჯანდაცვის სოციალური სამსახურის უფროსმა, მაია მაკალათიამ.