ფოთის მერი - ქალაქში აგრარული ბაზარი და სასაფლაოები ხვალიდან დაიკეტება
ფოთში ხვალიდან აგრარული ბაზარი და სასაფლაოები იხურება. ამის შესახებ განცხადება ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ გააკეთა.
როგორც გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მაინც მივა სასაფლაოებზე, პოლიციის მიერ გატარდება კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები.
„ქვეყნის ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღდგომის დღეებში მაქსიმალურად შეიზღუდოს სასაფლაოებზე გასვლა, შესაბამისად აღნიშნული ღონისძიებები გატარებული იქნება ჩვენს ქალაქში. გაძლიერებული იქნება კონტროლი როგორც პოლიციის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დარჩნენ სახლში და შეასრულონ რეკომენდაციები. ამასთან, საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ დღეებში დაიხუროს აგრარული ბაზარი და არ იმუშავებს 21 აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მაინც მივა სასაფლაოებზე, პოლიციის მიერ გატარდება კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.