ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული

არჩევნების შემდეგ პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული, – ამის შესახებ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფოთის მერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომლებიც მთავრობის მეთაურთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

„პირადად ჩვენ ბატონი პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა იმ პროექტებთან მიმართებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მე მალე შევუდგები ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას და შესაბამისად, იმ პასუხისმგებლობების განხორციელებას, რომლებიც მოსახლეობის წინაშე ავიღე. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ მოქმედება და იმ გეგმების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც გვაქვს, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორება, რაც მნიშვნელოვნად აწუხებს ჩვენს ქალაქს. აქ კონკრეტულად გვქონდა საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სწრაფად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგივე წყალარინების სისტემის სწრაფი ტემპით ასამუშავებლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, იგივე იმ ტურისტული პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იყო მოსახლეობასთან ჩვენი წინასაარჩევნო კომუნიკაციის, რადგან ყველამ იცის, რა დიდი პოტენციალი აქვს ფოთს ამ კუთხით. კონკრეტული საუბარი გვქონდა საქმესთან მიმართებით, რით შეიძლება, დავიწყოთ და როგორ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პროექტების განხორციელებას. იგივე მრავალბინიანი საცხოვრებლების გადახურვებთან მიმართებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმ ყოფითი და ყოველდღიურ ლოკალურ პრობლემებთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური განხილვა, სად გვჭირდება ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყების დახმარება და რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ, რათა სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მუშაობა ყველა ამ საქმესთან მიმართებით“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.