ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათგან ერთ-ერთი პაციენტი ორი წლისაა, რომელიც დედასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ტემპერატურა თურქეთიდან ჩამოსვლის მე-15 დღეს მოემატა.
ბოლო მონაცემებით, ფოთში თვითიზოლაციაში 24, ხოლო კარანტინში ხუთი მოქალაქე იმყოფება.
„ოთხივე პაციენტის პასუხი არის უარყოფითი, მათ არ დაუდგინდათ კორონავირუსი. ცხელების ცენტრში წუხელ ზუგდიდიდან გადმოყვანილი დედა-შვილის გარდა, დღის განმავლობაში კიდევ ოთხი პაციენტი შემოიყვანეს, რომლებიც არც კლინიკური მონაცემებით, არც სიმპტომატიკითა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არ იქნენ მიჩნეული როგორც საეჭვო შესაძლო შემთხვევა კორონავირუსზე. ამდენად, ეს პაციენტები დღესვე დატოვებენ სტაციონარს.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაზე გვყავს 24 პიროვნება, აქედან ექვსს მდგომარეობის შეფასების შემდეგ დღეს მოეხსნება აღნიშნული რეჟიმი,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.