ფოთის ჰოსპიტალს გრიპის სიმპტომებით მოქალაქემ მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა ბოლნისის მკვიდრთან
ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
იგი ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ მჭიდრო შეხება ჰქონდა ბოლნისელთან. ექიმების განცხადებით, პაციენტს რენტგენოლოგიურად დაუდასტურდა პნევმონია.
„დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 რიცხვში შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილია ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ.