ფოთის ერთადერთი სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა
ფოთის ერთადერთ, გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის შედეგად, მედპერსონალს ეზღუდება მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც, რაც შესაძლოა, მშობიარესთვის ფატალურადაც დასრულდეს.
,,სამშობიარო სახლს პერინატალური რეგიონალიზაციის დონეების მიხედვით მინიჭებული ჰქონდა პირველი დონე. ამ დონის მიღებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ბიზნეს სექტორმა. სწორედ მათი დახმარებით 2 წელი სამშობიარო სახლი გამართულად ფუნქციონირებდა. მერე კი გაგვიჭირდა, რადგან კერძო სექტორი ვართ და იმ პირველმა დონემ განაპირობა ის, რომ მოხდა არა მარტო მაღალი რისკის ორსულების გადინება, არამედ ფიზიოლოგიური მელოგინეების გადინებაც. ამ ფაქტმა ფინანსური პრობლემები შექმნა. ჩვენს გვერდით დგას ჯანდაცვის სამინისტრო, თვითმმართველობა, მაგრამ იურიდიულად მათ არ შეუძლიათ ფინანსური დახმარება გაგვიწიონ, რადგან კერძო სექტორი ვართ. გამოსავალი ინვესტორის მოძებნაა. ეს კი, იქნება საშვილიშვილო საქმე,“- განაცხადა სამშობიარო სახლის ნეონატოლოგმა რუსუდან დიასამიძემ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფოთის სამშობიარო სახლი, კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ვერ დაეხმარებიან.
,,როგორც კი გახდა ცნობილი აღნიშნულის შესახებ, ეგრევე მივმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ჩავრთეთ სასწრაფო დახმარება, ასევე, მოგეხსენებათ ფოთში გვყავს რეანომობილი და უსწრაფესად მოხდება კონკრეტული ბენეფიციარის პრობლემის მოხსნა. მათ გადაიყვანენ სხვა ქალაქებში,“- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მაია მაკალათიამ.