ფოთის „ცხელების კლინიკაში“ კორონავირუსის სიმპტომებით ექვსი პაციენტია მოთავსებული
ფოთში, „ცხელების კლინიკაში“ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ექვსი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან გადანაწილებულები.
როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილიმა განაცხადა, პაციენტთა ნაწილის ანალიზები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან ერთი და ექვსი წლის ბავშვები ურეკიდან, 25 და 67 წლის ქალები და 24 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე ჩვენს „ცხელების კლინიკაში“ იმყოფება 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. აქედან, სამის ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. დარჩენილი სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა კი ხვალ გაიგზავნება კვლევისათვის. ყველა პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა.